საქართველოს ელჩი შვეიცარიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა
2023 წლის 13 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიაში, რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა ფედერალური ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, ელჩ კლაუდიო ფიშერთან.
მხარეებმა განიხილეს ევროპის კონტინენტზე შექმნილი რთული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე.
საქართველოს ელჩმა შვეიცარელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესისა და პერსპექტივების შესახებ.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება. საქართველოს ელჩმა ისაუბრა მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებზე, რაც ზრდის საქართველოს როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.
ელჩებმა ყურადღება გაამახვილეს არსებული გამოწვევების ფონზე აქტიური პარლამენტაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. დადებითად შეაფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მზაობა.