Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შვეიცარიის კონფედერაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

2001 წელს თბილისში გაიხსნა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო.

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში. ამის გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ხელმოწერილია 10-მდე შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ეკონომიკა, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული საკითხები, რეადმისია, საჰაერო მიმოსვლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და ა.შ.

ქვეყნებს შორის ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შვეიცარიას სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე. ამ უკანასკნელმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბერში, გახსნა საელჩოს ახალი შენობა.

აქტიურად ვითარდება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია შვეიცარიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო შვეიცარიის პარლამენტში - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.

დინამიკურია ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. საქართველოსა და შვეიცარიას შორის 2016 წლიდან ყოველწლიურად ფიქსირდება დადებითი სავაჭრო ბალანსი.  ნაყოფიერ ეკონომიკურ თანამშრომლობას ცხადყოფს 35-მდე შვეიცარიული კომპანიის წარმატებული საქმიანობა საქართველოში. ფუნქციონირებს საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს-ასოციაცია და პერიოდულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები.

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კარგ წინაპირობას ქმნის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც შვეიცარიასთან მიმართებაში 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. 

შვეიცარია ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას სოფლის მეურნეობის, სტუმარმასპინძლობისა და სხვა სფეროებში. ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტიულ მიმართულებებად განიხილება, ასევე, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია და სხვ. ღრმავდება კავშირები საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის.

თანამშრომლობა აკავშირებს ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს. შვეიცარიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის.

შვეიცარია წლების მანძილზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ მხრივ, აღსანიშნავია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) საქმიანობა, რომლის რეგიონული ოფისი საქართველოში 1996 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს.

ბმულები

შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო საქართველოში
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო