საქართველოს ელჩის, შოთა გეწაძის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერთან, ზურაბ გუგუჩიასთან
2025 წლის 19 დეკემბერს, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერთან კვანტური ფიზიკის დარგში, პაულ შერერის ინსტიტუტის უფროს მეცნიერთან, სამეცნიერო ჯგუფის „Emergent Quantum Phenomena in Layered Materials“ ხელმძღვანელთან, ციურიხის უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორთან, ზურაბ გუგუჩიასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტიტუტის საქმიანობას, ახალ სამეცნიერო აღმოჩენებს, საქართველოსა და პაულ შერერის ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობას.
აღნიშნული ინსტიტუტი არის შვეიცარიის უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი, კვლევითი მიმართულებებია: მყარი სხეულის ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, სიცოცხლის მეცნიერება, ბირთვული და არაბირთვული ენერგიები და ეკოლოგია.

