ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორული მედია ასოციაციის დაფუძნების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორული მედია ასოციაციის დაფუძნების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასოციაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება დიასპორული მედიის ასოციაციის დაფუძნებას, რომელშიც გაერთიანდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი დიასპორული მედიის წარმომადგენლები. მისი თქმით, ასოციაცია იქნება კარგი საშუალება დიასპორასთან მუდმივი საკომუნიკაციო არხის გააქტიურების, მათი პროაქტიული ინფორმირებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების თვალსაზრისით. მისი მიზანია ქვეყნის შესახებ სანდო და სწორი ინფორმაციის გავრცელება, თანამემამულეების წარმოჩენა, სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის მიმართ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი პოლიტიკის პოპულარიზაცია. ასოციაციის სახით დიასპორული მედიის გაერთიანება საშუალებას მისცემს სამინისტროს განავითაროს ასოციაციასა და მასში შემავალ ცალკეულ სუბიექტებთან თანამშრომლობა, როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების, ასევე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა, განვითარება და სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური დიასპორული პოლიტიკის გატარებამ და დიასპორის გაძლიერებაზე მიმართულმა ინოვაციურმა პროექტებმა კი ხარისხობრივად სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთ პროგრამას და პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიაპორული კერების დაფუძნებას და განვითარებას, უზრუნველყოს თანამემამულეთა ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ასევე წაახალისოს ცალკეული დიაპორული ინიციატივები, რაც თავის მხრივ ემსახურება ქართული დიასპორის და მათი როლის უკეთ წარმოჩენას. ბოლო წლების განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო ინიციატივების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი იდეა, რაც დიასპორული კავშირების ინტენსიფიკაციას და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების შეკავშირებას ისახავდა მიზნად.
3 წლის განმავლობაში, საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 10-მდე დიასპორული მედია პლატფორმა.