ბერნის უნივერსიტეტში გრძელდება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი „საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე“
2023 წლის 9 ოქტომბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართველური სწავლების სემესტრის „საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე“ მე-3 ლექცია, რომელიც მიეძღვნა ქართულ დამწერლობასა და ქართული ანბანის ისტორიას.
ლექციას უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის დოცენტი, მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ტოფაძე-გოიმანი. მან სტუდენტებს მოუთხრო ქართული დამწერლობის შესახებ, რომელმაც ხანგრძლივი ევოლუცია განიცადა და რომელსაც სხვადასხვა ეპოქის გამოწვევებთან გამკლავება უწევდა; ქართული დამწერლობა ჩამოყალიბდა სამი დამწერლობის სისტემის ერთობლიობაში და თითოეულს აქვს დამოუკიდებელი მახასიათებლები, ისევე როგორც განსხვავებული კულტურული და სოციალური ფუნქციები.
ქალბატონმა მანანა ტოფაძე-გოიმანმა ასევე ისაუბრა ქართული ანბანის განვითარების საფეხურების შესახებ, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განვითარდა და დღემდე გამოიყენება. მან სტუდენტებს გააცნო ქართული დამწერლობის ადრექრისტიანული ნიმუშები და უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქალბატონი ტოფაძე-გოიმანი ფრიბურგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის ძველ ქართულ ენას, ხოლო ბერნის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ინსტიტუტში - თანამედროვე ქართულ ენას. იტალიურ ენაზე მის თარგმანებს შორისაა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“.
ლექციას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე.
ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები და დოცენტები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის, ქართული გალობის, ფოლკლორისა და მრავალხმიანობის შესახებ.
,მომდევნო ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, შემდეგ მისამართზე: UniS, Schanzeneckstrasse 1, 3012 Bern, აუდიტორია A-122. ლექციის თემა იქნება “ქართული ვოკალური მუსიკა ნოტაციის გზაზე“, რომელსაც წაიკითხავს შვეიცარელი მუსიკათმცოდნე, მეცნიერებათა საპატიო დოქტორი თომას ჰოიზერმანი.