Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

7 თებერვალს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, დავით კერესელიძე, შვეიცარიის მხრიდან - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი, მურიელ პენევეიერი. 
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების რეგულარულ ხასიათთან და ხსენებული ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რაც, ასევე გამოიხატა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაში, მათ შორის, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში.
კონსულტაციების ფარგლებში, დელეგაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების აქტიური დინამიკა და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან (SDC) თანამშრომლობას და მიმდინარე პროექტებს სხვადასხვა სფეროში (პროფესიული განათლება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და სხვ.).
შეხვედრისას, განხილულ იქნა  ოკუპირებულ  რეგიონებში არსებული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ვითარება.  ხაზი გაესვა  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში რუსეთის მიერ ევროკავშირის მედიატორობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ასევე, აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თავის მხრივ, შვეიცარიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 
შეხვედრაზე, მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და მიესალმნენ 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მოსაზრებები გაიცვალა ასევე საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის შესახებ. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შავ ზღვაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრულ სფეროებში დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე. 

მრავალმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.  

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები და დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობას და ნდობის აღდგენას, მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. 

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.