საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ბისერა ტურკოვიჩს შეხვდა

ქ. ბუქარესტში მიმდინარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბოსნია და ჰერცოგოვინის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ბისერა ტურკოვიჩს შეხვდა.

მინისტრები მიესალმნენ ნატო-ს მინისტერიალში ალიანსის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობას, რაც ალიანსის მხრიდან აღნიშნული ქვეყნების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა. საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებული არიან ორმხრივი კავშირების გააქტიურებითა და გაღრმავებით სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის გაფართოების პაკეტში შემავალ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება  მრავალი მიმართულებით იქნება სარგებლიანი.
ამ კონტექსტში, ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ   დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კოლეგასთან ერთად განიხილა ამ კუთხით თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების შესაძლებლობა.

შეხვედრაზე მინისტრმა კოლეგას  მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომედაციების შესრულების მიმდინარეობაზე, ზოგადად ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და საქართველოს ხედვებზე ევროკავშირთან პოლიტიკური და პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს როგორც საქართველოს, ისე ბოსნია და ჰერცოგოვინის მჭიდრო თანამშრომლობას ალიანსთან და ამ მხრივ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ბოსნია და ჰერცოგოვინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის.

მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს იეპე კოფოდს, რა დროსაც საუბარი შეეხო აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და მათ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal