საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​ლაშა დარსალია შარლ ფრის შეხვდა

2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, შარლ ფრისთან, რომელიც საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ჩართულობაზე საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზადყოფნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის, მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. 

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეფექტიანობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში გაწეულ და დაგეგმილ დახმარებას. 

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალ წევრს და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal