საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამუშაო ფორმატში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“

ილია დარჩიაშვილი: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს იმ საერთო მიზნის მიღწევაში, რომელსაც საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქვია“.

სამუშაო ფორმატში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“. საზღვარგარეთ მივლენილ საქართველოს ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები  შეხვედნენ. 

ამბასადორიალის მონაწილეებმა, მიმდინარე წლის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები; საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; კულტურული დიპლომატია; დიასპორასთან ურთიერთობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები; ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და საკონსულო საკითხები. 

„ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი, რომლის გარშემოც ყველა ვერთიანდებით“ - განაცხადა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022”- ზე სიტყვით გამოსვლისას. 

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიღწევებს ამ პროცესში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი მნიშვნელოვნად ემყარება იმ გზას, რომელიც საქართველომ ამ მიმართულებით წარმატებით გაიარა, კერძოდ:  ხელისუფლების მიერ მთელ რიგ სფეროებში გატარებულ ამბიციურ რეფორმებს, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით მიღწეულ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმსა და სხვა მიღწევებს. 

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს  2022 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მნიშვნელობა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხს. აღინიშნა საეთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისა და ჩართულობის მნიშვნელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში. 

უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე საუბრისას, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული „სამშვიდობო სამეზობლოს“ ინიციატივაზეც, რომლის მიზანიც, ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიალოგის განვითარებასთან ერთად, საქართველოს როლის განმტკიცება და გამოკვეთაა.  
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო ფორმატში შეხევდრის დროს ილია დარჩიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე მდგარ ამოცანებზე საუბრისას  განაცხადა, რომ უწყება მაქსიმალურ ძალისხმევას მიმრთავს, რათა „განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს იმ საერთო მიზნის მიღწევაში, რომელსაც საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქვია“. 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2022”  – 26-28 დეკემბერს იმართება. ელჩების კონფერენციაზე აფასებენ ქვეყნის წლევანდელ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს და მსჯელობენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal