2023 წლის 6 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.
ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე : რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.