საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ციურიხში კიტა ჩხენკელის მემორალური დაფა გაიხსნა

2022 წლის 10 ნოემბერს ციურიხში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის, ქართველოლოგის, ციურიხში ქართული სტამბის „ამირანი“ დამაარსებლის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა.

მემორიალი განთავსდა იმ შენობის (Theaterstrasse 4) ფასადზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1963 წლამდე ცხოვრობდა პროფესორი კიტა ჩხენკელი. ამავე შენობაში მდებარეობდა ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც მისივე ჩამოსხმული სასტამბო შრიფტით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები და ქართული ლიტერატურის ნიმუშები. 1961 წელს მას ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

მემორიალური დაფა გახსნეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და საქართველოს მეგობართა ასოციაციის დამფუძნებელმა თომას ჰოიზერმანმა.

საზეიმო ღონისძიების გახსნისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლსა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მის მიერ შეტანილ წვლილზე. მან ხაზგასმით აღნიშნა კიტა ჩხენკელის საქმიანობა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველოლოგიის ისტორიაში. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.

კიტა ჩხენკელი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ციურიხის უნივერსიტეტის რექტორმა: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს გამორჩეული პიროვნება ცხოვრობდა ამ ქალაქში, ციურიხში და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მისი სახელობის მემორიალური დაფის გახსნით, მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. როგორც ცნობილია, კიტა ჩხენკელი ცხოვრობდა მოკრძალებულად, ერთ ოთახში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად მან, თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, შეძლო და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც მან არაჩვეულებრივი კარიერა შექმნა“.

საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ასოციაციას კიტა ჩხენკელის მემკვიდრეობისთვის ზრუნვისა და დაცვისთვის. ელჩის თქმით, ეს გახლავთ ისტორიული დღე, რადგან კიტა ჩხენკელის სახელობის მემორიალური დაფის გახსნით შესაძლებელი გახდა მისი ხსოვნისა და ღვაწლის პატივისცემა. რევაზ ლომინაძის შეფასებით, პროფესორმა კიტა ჩხენკელმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის, კულტურის, მეცნიერების, ტრადიციებისა და იდენტობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

მემორიალური დაფის გახსნისთვის საქართველოს საელჩო მადლობას უხდის შვეიცარულ მხარეს, კერძოდ, საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს, ციურიხის უნივერსიტეტს, ციურიხის კანტონს, ქ.ციურიხის მერიას, სხვა შესაბამის სტრუქტურებსა და კიტა ჩხენკელის საცხოვრებელი შენობის მეპატრონეებს, რომლებთანაც დიპლომატიური მისია აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal