2022 წლის 19 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ სიონში 57-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ მონაწილეობა უკვე მეშვიდედ მიიღო. ბოლო ხანებში შვეიცარიაში საქართველოს საელჩო წარმატებით თანამშრომლობს სიონის ფესტივალთან.
ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. კონცერტს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
ანსამბლი „რუსთავი“ მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე ტრადიციულად შთამბეჭდავი პროგრამით წარსდგა. შესრულდა ხალხური სიმღერები, საგალობლები, ანზორ ერქომაიშვილის არაჩვეულებრივი შემოქმედება.
ფესტივალის ხელმძღვანელთა და მონაწილეთა გადაწყვეტილებით, წლევანდელი წარმოდგენები მიეძღვნა უკრაინაში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას. კიეველ ორკესტრანტებსა და მოლდოველ მევიოლინესთან ერთად, ქართველმა მომღერლებმა უკრაინული სიმღერაც შეასრულეს.