2022 წლის 11-12 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ვიზიტით ეწვია შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბერნის მერთან ალეკ ფონ გრაფენრიდთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომლის საუკეთესო მაგალითია ბერნი. მერებმა გაცვალეს ინფორმაცია დედაქალაქებში განხორციელებული და დაგეგმილი შესაბამისი პროექტების შესახებ. გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია. შეხვედრის დასასრულს კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისში ვიზიტით მიიწვია.
თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
ბერნის მერიაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერმა დაათვალიერა მშენებარე მიწისქვეშა სადგური, კვების ნარჩენების გადამუშავების საწარმო, დაბინძურებული წყლის გაწმენდის საწარმო და ბუნებრივი გაზის წარმოების ქარხანა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, ბერნის მერმა ალეკ ფონ გრაფენრიდმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ გახსნეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა.
2022 წლის 13 ივლისი