საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
დევნილი მოსახლეობა
სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას დღემდე არ ეძლევა თავიანთ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს მათი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების უხეშ დარღვევას.
საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობები დევნილობაში მყფოფი მოსახლეობისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სტრატეგიის შესაბამისად მომზადებული სამოქმედო გეგმის განხორციელება. 2014 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს დევნილთა სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, მათ უფლებსა და მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია დევნილთა მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების პატივისცემა და უზრუნველყოფა. საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საერთაშორისო ინსტრუმენტს, საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის შენარჩუნებისა და გადაწყვეტის მიზნით.
2008 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეა იღებს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.
რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჰუმანიტარული მისიების საქმიანობის ბლოკირებას.
ბოლოს რეზოლუცია 2015 წლის 3 ივნისს, გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე გავიდა და მას 75 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას.
მიმაგრებული ფაილები:
პრეამბულა
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
კონფლიქტის ისტორია
ჟენევის მოლაპარაკებები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით
დევნილი მოსახლეობა
საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა
საერთაშორისო ჩართულობა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვარტალური ანგარიშები