საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებში საქართველოს შესახებ ლექციებს დაესწრო

2022 წლის 14 ნოემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრო ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-8 ლექციას, რომლის თემა იყო „ქართული ხელნაწერები“. ლექციას უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ქავთარია.

ქართველმა მეცნიერმა ნინო ქავთარიამ ისაუბრა შუა საუკუნეების ქართული ილუსტრირებული ხელნაწერების, ისევე როგორც მათი ავტორებისა და სკოლების შესახებ. ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ მიმოიხილა სინას და ათონის მთის ხელნაწერების ნიმუშები და მათი ისტორია, ისევე როგორც ამ ხელნაწერების დაცული კოლექციები საქართველოში და საზღვარგარეთ.

ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

14 ნოემბერს საქართველოს ელჩი დაესწრო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ქავთარიას ლექციას ასევე ფრიბურგის უნივერსიტეტში. ნინო ქავთარია ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ესაუბრა ანტიოქიის დასურათებულ ხელნაწერებზე და ილუსტრაციების შესრულების მანერასა და ტექნიკაზე.

შემდეგი ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 21 ნოემბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, 023-ე აუდიტორიაში მისამართზე: Unitobler, Lerchenweg 16, 3012 Bern. ლექციის თემა გახლავთ "პატრისტიკა: საქართველოს სამონასტრო კულტურა", რომელსაც წაიკითხავს ფრიბურგის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი დოქტორი ფრანც მალი.