საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე პირველი ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

2022 წლის 28-29 ივნისს ქ. ბერნში, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში, ექსპერტთა პირველი ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა. მიგრაციის სფეროს კომპლექსურობიდან გამომდინარე, შვეიცარიასთან ორმხრივი თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე ახალია, გრძელვადიან პერსპექტივასა და სამიზნე მიმართულებების მრავალფეროვნებას მოიცავს.

კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შედიოდნენ.

შვეიცარიის მხარეს წარმოადგენდა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი.

აღნიშნული კონსულტაციები წარმოადგენს მიმდინარე წლის 11 მაისს ქ. თბილისში საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას. მემორანდუმს თბილისში ხელი შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციისა და პოლიციის სახელმწიფო მრჩეველმა (მინისტრმა) კარინ კელერ-სუტერმა და საქართველოს მთავრობის სახელით იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოაწერეს.

ორ სახელმწიფოს შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობასთან დაკავშირებული სამუშაო კონსულტაციები გაიმართება მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში და თანამშრომლობას მუდმივი ხასიათი ექნება.

 

2022 წლის 30 ივნისი