საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შვეიცარიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს გაეცნობიან

2022 წლის 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატა, პარტნიორია  ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შვეიცარიის საქმიან წრეებთან შეხვედრაზე ფოკუსირებული იქნება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. აუდიტორია აგრეთვე გაეცნობა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით საინვესტიციო შესაძლებლობებს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში სავაჭრო-საინვესტიციო შესაძლებლობებს.

შვეიცარიის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) SECO  და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ზემოაღნიშნული სექტორებიდან.  

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და შვეიცარიის გაერთიანებულ სავაჭრო პალატას შორის.

 

15 ივნისი, 2022