საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ციურიხში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის გამოფენა გაიხსნა

6 მაისს ციურიხის  ეთნოგრაფიული  ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg” გაიხსნა  ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის გამოფენა სახელწოდებით საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“.

ექვსი  თვის განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას. გამოფენა ქართული ვაზის დარგვის ცერემონიით გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში, რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და თემატური შეხვედრები ღვინის პროფესიონალებთან. გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციისთვი შვეიცარიასა და, ზოგადად, ევროპაში

ციურიხის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვა.

გამოფენა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო და ციურიხში მდებარექართული ღვინის გალერეა“ (GeoHaus GmbH).

გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქრისტიან შორნომ და „ქართული ღვინის გალერეის“ დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემ.