საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.

- საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში. 

24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.


უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე  არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
 
საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50

-საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა  ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის.  რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ  უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად  იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს.
საქართველო მტკიცედ უჭერს  მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას.

-საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. 

უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის  მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 

ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში  კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. 

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. 

შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც  ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების  გადაწყვეტილების  შემთხვევაში   ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის- „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში,  ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.
 
ქართული მხარე მკაცრად გმობს ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, რაც უარყოფითად აისახება რეგიონში არსებულ  რთულ ვითარებაზე.
 
სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგად აღნიშნული ინციდენტი დროულად მოგვარდება.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. 

ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. 

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. 

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

 6 დეკემბერს, ქ. დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ბაგრატ ხუთაბასა და სირიაში ჩინეთის ელჩის, ფენ ბიაოს სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შედგა კომუნიკაცია საქართველოში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ქალბატონ ლი იანთან.

ჩინური მხარის განმარტებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს გაუგებრობას, დედაქალაქი აქტიურად არკვევს დეტალებს, რომელიც ქართულ მხარეს უახლოეს პერიოდში ეცნობება. ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მომავალშიც. ჩინური მხარე ასევე მადლობელია საქართველოს მთავრობის ერთიანი ჩინეთის პრინციპის განუხრელად და თანმიმდევრულად დაცვისთვის. მხარეთა ამგვარი მიდგომა განაპირობებს ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
საუბრისას შეთანხმდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას თავის საელჩოებს საზღვარგარეთ, რათა მათ თავი შეიკავონ მსგავსი კონტაქტებისგან.
ამავე დროს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, 7 დეკემბერს, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც ჩინური მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

- საგარეო საქმეთა სამინისტრს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
 
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა  ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ  სისტემაში შთანთქმაა.  საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.
 
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით.
 
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.
 
მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის  მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.
 
საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
 
მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
 
მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
 
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ  ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან  დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.
 
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
 
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა. 

მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის. 

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებით ისევე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში.  

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.  

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე,  რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.

მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა. 

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვისა და ახალგორის მოსახლეობის იზოლაციის მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას აიძულებს და რაიონის დაცარიელებას იწვევს. თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ენგურის ხიდზე მიმოსვლის განახლება და ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობო გახსნის აუცილებლობას.

დეტალურად იქნა განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის, უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის რაიონისა და კოდორის ხეობის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებას.

მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებს, საოკუპაციო ხაზზე სამედიცინო ევაკუაციის გამართულად ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და დასვეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების საკითხი.  

საქართველოს დელაგაციამ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურების მნიშვნელობა, კერძოდ, ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების საჭიროება.

ვრცლად იქნა განხილული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობას. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, ამასთან გაგრძელდა წინა რაუნდზე ჩატარებული საინფორმაციო სესიის თემის განხილვა „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ მიმართულებით. საინფორმაციო სესიის ფარგლებში, წარიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, საჭიროებებისა და უფლებების საკითხებზე. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად, არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2021 წლის 17-19 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია  და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას,  პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.  

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით

2021 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.

ცამეტი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდიანრე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში  დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულვებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად ძალისმიერი გზით გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. მსგავსი აგრესიული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მუქარას ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას.

ამ ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, ინტენსიური სახე აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, აკრძალულია მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება და გალისა და ახალგორის მაცხოვრებლებს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში. ამასთან, ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რაც წახალისებულია საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების - დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებით.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისაკენ. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს აქტიურ ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად და აგრძელებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაარსა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რათა ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვის გზით განახორციელოს უფრო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები.

ამ პროცესში საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას,  პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 30 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და  გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და  ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.  

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტიარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით. 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას. 

საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა.  

მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე. 

აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას.

ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და  გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით.


მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექსტრს და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით. 
 
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის  გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.

საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყენის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადექვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.    
 
საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.

საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადექვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან  და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ  რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.


მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც იქნა განხილული.


მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.  ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო  მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. 


წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.  

საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა.

- ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიშის საპასუხოდ

2021 წლის 3 ივნისს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე განცხადება გააკეთა ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის, კაირატ აბდრახმანოვის ანგარიშის საპასუხოდ.

ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მისწრაფება თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეთნიკურ უმცირესობათა იდენტობისა და უფლებების სრული დაცვით. მან ასევე ისაუბრა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილ იქნა ინფორმაციაზე და სერვისებზე ეთნიკურ უმცირესობათა წვდომა.    

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარსა და მის ოფისს მრავალწლიანი ნაყოფიერი და წარმატებული თანამშროლობისთვის, მათ შორის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და განათლების სექტორში გაწეული დახმარებისთვის.
საქართველოს ელჩმა მუდმივი საბჭოს ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ამ კუთხით, განსაკუთრებით მოწყვლადია გალის რაიონისა და კოდორის ასევე, ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ელჩმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ყოველდღიურად ირღვევა, მათ შორის განათლების, ჯანმრთელობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები, რასაც მოჰყვება მსხვერპლი. ამ კონტექსტში, მან ისაუბრა ბოლო განვითარებებზე, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მიღებული ტრავმებით, ადგილობრივი მაცხოვრებლის გოჩა კორსანტიას გუშინ, 2 ივნისს, გარდაცვალებაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ოკუპაციით გამოწვეული გამოწვევებისა, ქართული მხარე ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - მეშვეობით, ცდილობს მიაწოდოს სერვისები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამოქალაქეებს.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სირიაში 2021 წლის 26 მაისს სირიაში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2021 წლის 26 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკაში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ არ ცნობს ასადის კრიმინალური რეჟიმის მიერ ორგანიზებული არალეგიტიმური „არჩევნების“ შედეგებს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ცნების საერთაშორისო სტანდარტებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს №2254 რეზოლუციასთან.
სირიის არაბთა რესპუბლიკაში გამართული ნებისმიერი არჩევნები, რომელშიც ჩართული არ არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოვილები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და სირიის ოპოზიციური ძალები და რომელიც ტარდება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების უგულებელყოფით, არის უკანონო, ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და ამავდროულად მნიშვნელოვნად აბრკოლებს სირიაში კონფლიქტის მოგვარების პროცესს.

ამ ფონზე, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ჩასვლა სირიის არაბთა რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცხადია, წარმოადგენს ერთი უკანონო რეჟიმის მეორე უკანონო რეჟიმით ლეგიტიმაციის გულუბრყვილო მცდელობას, რომელიც სრულადაა აცდენილი საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის სივრცეს.

აქვე, ვეხმიანებით სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ  სირიის არაბთა რესპუბლიკაში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ე.წ. ოფიციალურ „ვიზიტს“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ე.წ. მთავრობათაშორისი კომისია, გაფორმდა ე.წ. შეთანხმებები და გაიხსნა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის „წარმომადგენლობა“ დამასკოში. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფოებრიობის იმიტაციის უშედეგო მცდელობას, რომელიც ემსახურება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გადაფარვის  ამოცანას. 

ცხადია, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების ჩამდენი და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი, კრიმინალური რეჟიმის მიერ - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპის უხეში დარღვევით - საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ვერ ექნება რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი, მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება.

ნიშანდობლივია, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას და  ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ცალსახად გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.  
 
მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება.
 
მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების  ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.
 
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.   
 
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების უმძიმეს მდგომარეობაზე. აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა დასვეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.
 
ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და
ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე.
 
აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.
 
მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებაზე. აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობაზე, რაც ამავდროულად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.
 
ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას.
 
ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აღინიშნა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა პრობლემებსა და საჭიროებებზე სათანადო რეაგირების საჭიროება და ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
 
აქტიური დისკუსია გაიმართა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით. ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსება.
 
აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.
 
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

შვიდი წლის წინ, 2014 წლის 16 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით, ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია და ანექსია. აღნიშნულით, უპირველეს ყოვლისა, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები, გაეროს ქარტია, 1975 წლის „ჰელსინკის აქტი“ და ასევე, უგულებელყოფილი იქნა უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 2014 წლის 27 მარტს, მიიღო რეზოლუცია 68/262, რომლითაც, კიდევ ერთხელ, მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ჩათვლით და არ აღიარა ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.

რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. კვლავაც ანექსირებულია ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი. ფიქსირდება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა მზარდი მილიტარიზაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი და ერთიანი პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის პატიმრობა.
 
აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება  წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ. 
 
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
 
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
 
საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და  ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება და 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების შელახვის, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა; წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვაზე, გაძარცვასა და განადგურებაზე ისევე, როგორც ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში  დაბრუნების უფლების ხელყოფაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ნიშანდობლივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ორ სახელმწიფოს — რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი ძალისხმევის წარმატებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით. ცხადია, საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით,  საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციის, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.