2022 წლის 28 ნოემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-10 ლექცია, რომელიც მიეძღვნა შუა საუკუნეების ქართულ სასულიერო მწერლობას.
ლექციას უძღვებოდა ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი. მან სტუდენტებს გააცნო სასულიერო მწერლობის ჟანრები, როგორიცაა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. განხილული იქნა ჰაგიოგრაფიის ქვეჟანრები - მარტვილობანი (შუშანიკის წამების მაგალითზე) და ცხოვრებანი (წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითზე). მანანა ტოფაძე-გოიმანმა ასევე ისაუბრა ჰიმნოგრაფიულ სკოლებზე, განიხილა ლიტურგიკული და არალიტურგიკული ჰიმნოგრაფიის ნიმუშები და ჰიმნოგრაფიული კრებულები, მათ შორის, უძველესი იადგარი და დიდი იადგარი. მეცნიერმა ასევე ისაუბრა ქართულ გალობაზე.
ლექციას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე.
ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.
შემდეგი ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 5 დეკემბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, 023-ე აუდიტორიაში მისამართზე: Unitobler, Lerchenweg 16, 3012 Bern. ლექციის თემა გახლავთ "ხელოვნების ისტორია: შუა საუკუნეების ქართული მონუმენტალური მხატვრობა და ხატები", რომელსაც წაიკითხავს ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი.