საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

28.09.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროპის საბჭოსა და ეუთოს პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელთან, ელჩ ნიკოლა ბრიულთან. მაღალი რანგის შვეიცარიელი დიპლომატის ვიზიტი ემსახურება როგორც საქართველო-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, ასევე ორი ქვეყნისათვის აქტუალურ სხვა თემებზე დიალოგის გაგრძელებას. სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრამ საკითხთა ფართო სპექტრი მოიცვა. მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ნიკოლა ბრიულს შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის და დადებითად შეაფასა შვეიცარიის, როგორც მედიატორის, როლი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში. საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების კონტექსტში კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დინამიურად ვითარდება ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, რეგიონთაშორისი, ფინანსურ-ტექნიკური დახმარების კუთხით, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, საქმიან წრეებს შორის კონტაქტების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, რასაც დამატებით იმპულსს შესძენს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. როგორც ცნობილია, შვეიცარიის კონფედერაცია EFTA-ს მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფოა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში, რომელიც ევროპელი პარტნიორებისა და, მათ შორის, შვეიცარიული მხარის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამას გარდა, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტები და მეზობელ ქვეყნებთან მიმდინარე ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას. კერძოდ, შვეიცარიულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.