საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ტიჩინოს კანტონში, შვეიცარიის კონფედერაცია (2017 წლის 6-8 ოქტომბერი)

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2017 წლის 6-8 ოქტომბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში (ტიჩინოს კანტონში) გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ისკო დასენი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში წარმოადგენდნენ.

დელეგაციამ შეხვედრები გამართეს შვეიცარიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ფედერალური პარლამენტის ქრისტიანულ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კანტონთა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფილიპო ლომბარდისთან, ტიჩინოს კანტონის მთავრობის პრეზიდენტთან, მანუელე ბერტოლისთან, კანტონის მთავრობის კანცლერთან, არნოლდო კოდურისთან. დელეგაციამ შვეიცარიულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ვითარების შესახებ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ძალიან გააქტიურებული საპარლამენტო და შვეიცარიისა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრებში მონაწილეობდა შვეიცარიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ქართველი დეპუტატები, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, პირველად იმყოფებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტით. თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში, 2016 წლის გაზაფხულზე მსგავსი ფორმატის ვიზიტი შედგა.