საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„მინისტრის საათის“ ფორმატში, დავით ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს, ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები წარუდგინა

2021 წლის 19 ნოემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის. 
„ამ მიზნის რეალიზაციის კუთხით, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად: მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს-ფორუმი, ასევე, 12 ონლაინ ბიზნეს შეხვედრა/ფორუმი ბულგარეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, სლოვენიის, უკრაინის, იაპონიის და მალაიზიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მეორე მხრივ, ხელი შეეწყო საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნეს ორგანიზაციების მონაწილეობას ბერნში, ვილნიუსში, კიევში, სეულში, დოჰაში, მადრიდში, ლონდონში, ლიონში, სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებში, სემინარებში, კონფერენციებში და პრეზენტაციებში,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყებსა და ბათუმის პორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით და ხელშეწყობით, ამერიკული კომპანია TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაზე.
„ეტაპობრივად აღდგა  და დაემატა ახალი პირდაპირი ფრენები სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც, მოგეხსენებათ, ასევე, უაღრესად მნიშნველოვანია უცხოელი ტურისტების საქართველოში მოზიდვისათვის. მიღწეულია შეთანხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში მეტი ტვირთების მოსაზიდად და შესაბამისად ამ ქვეყნების მხრიდან არის მზაობა ჩვენი რეგიონის დერეფნით გამოყენებთ გაზარდონ ტვირთბრუნვა,“ - განმარტა მინისტრმა. 
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტული დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. მისი თქმით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არეალის გაფართოებისა და ქართული სტარტ-აპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლისთვის, ასევე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. განხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის პოპულარიზაცია.