საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია 8 ოქტომბრის, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის სხდომის შესახებ

8 ოქტომბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის - ,,საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მე-6 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ემა მოდორანი.

ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.

სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში,   განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, აუდიოვიზუალური პოლიტიკის, საინფორმაციო საზოგადოებისა და ტექნოლოგიების მმართველობის სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგი.
ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა ზემოაღნიშნულ სექტორებში,  საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი.