საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ქ. ჟენევაში, ურბანული განვითარების, საცხოვრისის და მიწის მართვის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 6-8 ოქტომბერს, ქ. ჟენევაში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ურბანული განვითარების, საცხოვრისის და მიწის მართვის კომიტეტის 82-ე სესია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 6-7 ოქტომბერს გაიმართა მინისტერიალი ურბანული განვითარების, საცხოვრისის და მიწის მართვის შესახებ თემაზე „Affordable, adequate, and resilient housing in liveable cities, including cities which face extreme weather conditions”.

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც საკუთარ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის მიზნით მიმდინარე პროცესზე,  მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესაბამისად, საცხოვრისის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. 
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის „სახლი სოფლად“ შესახებ, რომლის მიზანსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე გზების რეაბილიტაციის, წყლის მომარაგების უზრუნველყოფისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზების თვალსაზრისით.
მინისტერიალში UNECE-ს 56 წევრი ქვეყნიდან 50 სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 
მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაიეროვასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და UNECE-ს თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები, მათ შორის, ერთობლივი პროექტები მდგრადი ენერგიის, ურბანული და მდგრადი საცხოვრისის განვითარების, ასევე, საგზაო უსაფრთხოების სფეროებში.