საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ გამარჯვებულების ვებინარი ჩატარდა. ონლაინ-ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიების ფარგლებში, 2021 წლის პროექტის საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეულმა ჩვიდმეტმა „ახალგაზრდა ელჩმა“ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა. ვებინარს დაესწრნენ და პროექტის გამარჯვებულებს გაესაუბრნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები.

პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში.  პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ, ახალგაზრდა, მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.