საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ანიკა სოდერს შეხვდა

2021 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებების შედეგად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მწვავე მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ხაზი გაესვა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობასა და ფორმატის ეფექტიანად გამოყენების გზებზე. 
საუბარი შეეხო ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ საზოგადოებებთან შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ყურადღება გამახვილდა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მიმდინარე ინკლუზიურ პროცესზე.  
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის. განხილულ იქნა რეგიონში დასავლეთის და ეუთოს ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობა და შესაძლო გზები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა  ეუთოსა და სხვა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში პროგრესის მიღწევისთვის.