საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალია შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

2021 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ევრაზიის განყოფილების უფროსთან, ელჩ ანა იფკოვიცთან.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ლაშა დარსალიამ აღნიშნა შვეიცარიის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის მხარდაჭერაში.
 
მნიშნელოვანი ყურადღება დაეთმო რუსეთსა და საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა შვეიცარიის მედიაციის მნიშვნელობა იმ ფონზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.
 
განხილულ იქნა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ პროცესში დასავლეთის ქმედითი და აქტიური ჩართულობის საჭიროებას.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.