საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო კონკურსების პირველი ეტაპი. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენდა კანდიდატების განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული  სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას და მათ წარმოსადგენად პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვას.


საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო ხასიათის საკითხი და შეთანხმდნენ კონკურსანტებთან გასაუბრების გრაფიკზე, ასევე გამოთქვეს მოსაზრებები კრიტერიუმებზე, რომლებსაც ისინი მიანიჭებენ კანდიდატების შერჩევის დროს. კერძოდ, მათ მოტივაციას, დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ინფორმირებულობას პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.


კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება  საგრანტო კონკურსებში მონაწილე ყველა პირს.


აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე შერჩეული გამარჯვებულები,  მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში.