საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება მოითხოვს მეტ ყურადღებას ჩემი ევროპელი კოლეგების მხრიდან-ედგარს რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია. მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან, სიტუაცია არ გამოსწორებულა, რეალურად ვითარება უარესდება, რუსეთი კი,  საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ საკითხის იგნორირებას აკეთებს, რათა გააგრძელოს ჩუმი ანექსია. 

„ეს ცხადია, მიუღებელია. ლატვია მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რელევანტურ რეზოლუციებს, ასევე მუდმივად ამახვილებს ამ საკითხზე ყურადღებას ეუთო-ში და ასეც გაგრძელდება, მაგრამ ეს მოითხოვს მეტ ყურადღებას და ვიზიტს ჩემი ევროპელი კოლეგებისგან და მთელი მსოფლიოდან“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს პარტნიორების მხრიდან. დარსალიას თქმით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საუბარი შეეხო  ოკუპაციას, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და  იმ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით კრიზის, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 
 
„ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზზე, მინისტრი გაეცნო იქ არსებულ მძიმე ვითარებას. სამწუხაროდ, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, გრძელდება დაკავებების პროცესი. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ფონია ადგილზე. ყოველივე ამის შესახებ იყო საუბარი. ჩვენი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს იქ არსებული ვითარება და კონკრეტული დეტალები, როგორც ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების. მოგეხსენებათ, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე დაკავებულია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი მწვავე საკითხია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.