საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 7 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის  მიერ გახშირებულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელების ფარგლებში მიმდინარე მუშაობას; მზარდ მილიტარიზაციას; ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს; საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს. მინისტრის მოადგილემ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც  ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში, არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებზე, რასაც ბოლო ორი თვის პერიოდში საქართველოს ხუთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

შეხვედრაზე კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტი ეფექტიანად იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.