საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, სალომე შაფაქიძესა და ევროკავშირის ქვეყნების აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, სალომე შაფაქიძესა და ევროკავშირის ქვეყნების აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებს შორის. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი (მათ შორის, 2021 წელს დაგეგმილი სამიტი და პარტნიორობის მიზნები), ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი და საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი.

სალომე შაფაქიძემ მიმოიხილა ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის და მოახლოებული სამიტის კონტექსტში. ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით მან განმარტა თანამშრომლობის სამი მთავარი საყრდენი - ევროინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის კოორდინაცია, ასოცირების შეთანხმებების შესრულების საკითხებზე თანამშრომლობა ევროკავშირის მხარესთან  და აღმოსავლეთ პარტნიორობის თემებზე მუშაობა. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რასაც საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს ევროკავშირის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებმა დადებითად შეაფასეს ე.წ. ტრიოს ფორმალიზება და მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნულ ფორმატში კონკრეტულ საკითხებზე სათანამშრომლოდ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დიფერენციაციის პრინციპის უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობას, განსაკუთრებით, რეგიონში არსებული განვითარებების ფონზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩების შეხვედრა ტრადიციული, არაფორმალური ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ელჩები მსჯელობენ  პარტნიორობისთვის აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე. ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაში სპეციალური სტუმრის სტატუსით იღებდა მონაწილეობას. შეხვედრის მოდერატორი ავსტრიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩი, თომას ბუხბაუმი იყო.