საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

1-4 ივნისს საქართველოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი. ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება. 
 
ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებს და ხაზი გაესვა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმების მიერ გახშირებულ უკანონო დაკავებებზე. მინისტრის განცხადებით, არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაგირებასა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ შესვლას საჭიროებს.
 
შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე.