საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპული გამოცემა ევრაქტივის კონფერენცია “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - შემდგომი ნაბიჯები“

27 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში მოქმედი გამოცემა ევრაქტივის კონფერენციაში. კონფერენცია “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - შემდგომი ნაბიჯები“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის  პერსპექტივებს მიეძღვნა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილის გარდა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორმა - ლორენს მერედიტმა, ევროპარლამენტის წევრმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკ დევინმა და ევროპული კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსმა მკვლევარმა - მაიკლ ემერსონმა.
 
გამოსვლისას, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი რესპუბლიკის და თანამედროვე საქართველოს შედარება ცხადყოფს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ყოველთვის დემოკრატიისა და განვითარების ევროპულ გზას ირჩევს. მისი თქმით, საქართველოს მისწრაფება ევროპული ინსტიტუტების წევრობისაკენ, პირველ რიგში, საქართველო საზოგადოების ღირებულებებს ასახავს და მხოლოდ შემდეგაა განპირობებული კეთილდღეობის ინტერესებით.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობაზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს შეთანხმება აძლევს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ევროპის ბაზარზე სოფლის მეურნეობისა თუ სამრეწველო საქონლით და ასევე მომსახურებების ვაჭრობის კუთხით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირების კუთხით არსებობს, რათა უფრო გამარტივდეს ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე აღნიშნა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მზად აღმოჩნდეს, 2024 წელს, ევროკავშირის წევრობის განაცხადის გასაკეთებლად.   
 
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკ დევინმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანა, ევროკავშირის ერთერთი მთავარი პარტნიორია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს ის რეფორმები, რომლებსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს.
 
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორმა - ლორენს მერედიტმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი იზიარებს ამ მხრივ საქართველოს ინტერესს. მან ასევე ისაუბრა ციფრული შესაძლებლოების გაფართოებისა და გარემოსდაცვით სფეროში - განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ - საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ლორენს მერედიტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია სთავაზობს საქართველოს ახალგაზრდა თაობას და ამ მხრივ ახალგაზრდობის სტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი შეჩვეულია იმას, რომ საქართველო ყოველთვის რეფორმატორ ქვეყნებს შორისაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრებმა, პანდემიის გამო, უშუალოდ ვერ მიიღეს მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, ევროპარლამენტი შეუერთდა ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და ჩატარდა კონკურენტულ გარემოში. მან ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის გამო და მოუწოდა  დარჩენილ პარტიებსაც, რომ პარლამენტში განაგრძონ საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობა, რაშიც მან საქართველოს პარლამენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
ევროპული კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსმა მკვლევარმა - მაიკლ ემერსონმა ევროკავშირის პრინციპზე - მეტი-მეტისათვის - ისაუბრა, რომლის თანახმად, პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მეტ რეფორმებს გაატარებს, მეტად შეძლებს ევროკავშირში ინტეგრაციას და შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე და ამ შესრულების შეფასების ახალ, უფრო კონკრეტულ და დათვლად კრიტერიუმებზე, რათა უფრო მკაფიო და გამჭვირვალე გახდეს შესრულების შეფასება.