საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განვითარება დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება- დავით ზალკალიანი

„ჩვენი ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქართული დიასპორა ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა აყვანილია ძალიან მაღალ ნიშნულზე“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება  გამოხატა ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ,  რომელთა ძალისხმევა, მინისტრის თქმით,  მიმართულია  სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობას და აღნიშნა მათი ძალისხმევა პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, თანამემამულეების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ მორალური პრობლემების დასაძლევად.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე აცხადებს თავის პასუხისმგებლობას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაცვასა და ზრუნვაზე, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და მაღალი დონის საკანონმდებლო თუ სტრატეგიული დოკუმენტებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა:

- გრძელდება ინტენსიური კონტაქტები თანამემამულეებთან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე;

- ხორციელდება პროექტები და პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს საკვირაო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების, კულტურული კერების და დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერას.

- დიასპორის ჩართულობით ტარდება რეგიონულ კონფერენციები და თემატური ფორუმები.

- საზღვარგარეთ ჩვენი საელჩოების ძალისხმევით გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, ქართული ენის შემსწავლელი კურსები, 110 ფოლკლორული ანსამბლი.

 
მნიშვნელოვანი წინსვლაა დიასპორის ორგანიზებულობისა და კოორდინაციის კუთხითაც - ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს 300-მდე დიასპორული ორგანიზაცია.
 

- გრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების  საერთაშორისო ცენტრი ICMPD და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ).

 
სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  საქართველოს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა პრეზიდენტის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დიასპორასთან თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის მნიშვნელობა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში.
დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ეკლესიის როლს დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში.

მინისტრმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია  ლევილის მამულთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანის ინფორმაციით,  გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა - მცირე, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“. ამჟამად მიმდინარეობს მეორე - „გენერალური (ძირითად) პროექტის“ მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის (2 წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველი გეგმით იყო გათვალისწინებული - 2026წ.).

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა ორი თემატური შეხვედრა: 1. „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“;  2. „განათლება და კულტურა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.