საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

სხდომის მონაწილეებმა 2021 წლის 16 მარტს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პანდემიის უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე წარმატებულად შეფასდა.
 
კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. აღნიშნული აქტივობები ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ვადებს პასუხობენ.
 
სამოქმედო გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ მასში ასევე გაწერილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
 
კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დასაქმება და შრომითი უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება და მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა.
 
კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელი ღონისძიებების კონცეფცია იყო. აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს როგორც გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების ნათლად წარმოჩენას, ისე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, რაც ქვეყანას დაეხმარება მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კონსოლიდაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო განზომილება და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელება.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს 17 მაისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დაფუძნდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა, რომელსაც სამი ქვეყანა ახორციელებს წლების მანძილზე და მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან საერთო პოზიციებით გამოსვლას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე.
 
კომისიის წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს და განიხილეს 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.