საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა

27 მაისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის - „სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება; მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ რიგით მე-6 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე  ბეატრის სალვადორ გარსია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები.

სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარების, მეთევზეობისა და საზღვაო მმართველობის სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა აღნიშნულ სფეროებში ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომავალი ერთი წლის სამოქმედო გეგმებზე.