საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ პარლამენტში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი წარადგინა

დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი წარადგინა. 

აღნიშნული რეკომენდაციების პროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
აღნიშნული რეკომენდაციები მიღებულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად, რომელიც გაიმართა 2021 წლის 26 იანვარს ონლაინ ფორმატში.

კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 26 იანვრის განხილვის დროს, მან, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებზე. ასევე წარადგინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ,  რომლითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.

26 იანვარს საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 104-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, როგორც საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიში, ისე განხილვაში საქართველოს დელეგაციის კონსტრუქციული მონაწილეობა. განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციამ პოზიტიური გამოხმაურებები მიიღო ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის წარდგენილი 285 რეკომენდაციიდან, საქართველო იმთავითვე არ დაეთანხმა (გაემიჯნა) რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუისა და სირიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს (სულ 19), რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო. დანარჩენი 100 ქვეყნის 266 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ თავისი პოზიცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა.

პარლამენტში წარდგენამდე აღნიშნული რეკომენდაციები განხილულ იქნა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. სახელმწიფო უწყებები მხარს უჭერენ წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობას. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პარლამენტში განხილვების შედეგად ჩამოყალიბებული საერთო პოზიცია რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიეწოდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მის მიერვე დადგენილ ვადაში.

თავისი გამოსვლის შემდეგ,  ხათუნა თოთლაძემ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა 26 იანვრის განხილვაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს.