საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი

21 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი, რომლის დროსაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გერმანიიდან უნგრეთს გადაეცა. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მინისტერიალი ჩატარდა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტერიალის დღის წესრიგის ერთერთი საკითხი იყო ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხის ფარგლებში განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა. 

მინისტერიალის ფარგლებში ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს.

მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 12 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემუშავებული სტრატეგიული ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ასახავს გენერალური მდივნის მომავალი ოთხი წლის პრიორიტეტებს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ერთგულება ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს შესაბამის ინიციატივებს ორგანიზაციის სტანდარტებთან მეტი მიახლოების მიზნით.

სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმების მიერ გახშირებულ უკანონო დაკავებებზე. ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივებას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე, რაც ერთადერთი გზაა რუსეთის მიერ ოკუპაციაზე უარის სათქმელად. ამ კუთხით, იგი შეეხო 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის საქართველოს შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 6 თვის ვადით გერმანიიდან უნგრეთს გადაეცა, რომელმაც თავის პრიორიტეტებს შორის წარადგინა გარემოს დაცვის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნული თემატიკა პრიორიტეტულად სწორედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის (2019 წლის ნოემბერი 2020 წლის მაისი) მიერ დასახელდა. „გარემოსდაცვითი კრიტიკული მდგომარეობა და კლიმატური ცვლილებები ადამიანის უფლებებისთვის საფრთხეს წარდმოადგენს. გაგრძელდება საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ დაწყებული პროცესი, უნგრეთის თავმჯდომარეობა მიზნად ისახავს ევროპის საბჭოში გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებას არსებული ინსტრუმენტებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვის უკეთესი სტანდარტები წევრ ქვეყნებში“ - ნათქვამია უნგრეთის მიერ პრიორიტეტების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის გერმანიის თავმჯდომარეობას გაწეული ძალისხმევისათვის და მიესლმება უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის განხორციელებაში.