საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის შესახებ შეხვედრაში

2021 წლის 20 მაისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევროკომისიასა და ქართულ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) შეთანხმების მიზნით. 

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ევროკომისიის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის მისიის თანამშრომლები.
საქართველო-ევროკავშირის ახალი დღის წესრიგი (2021-2027), წინა დღის წესრიგებისგან განსხვავებით გრძელვადიანია და 7 წელზეა გათვლილი. იგი მოიცავს მოკლევადიან (3-4 წელი) და საშუალოვადიან პრიორიტეტებს (4-7 წელი). ამასთან, ახალი დღის წესრიგი, თავისი შინაარსით დიდწილად იმეორებს 2017-2020 წლების დღის წესრიგში არსებულ მიმართულებებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება სექტორალურ სფეროებში, თუმცა იგი მეტად ამბიციურია და ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიზანს ქვეყანამ განაგრძოს ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასევე, პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაცია.