საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) 77-ე სესიაში

მ.წ. 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) 77-ე სესიაში. აღნიშნული სესია წარმოადგენს ESCAP-ის მაღალი დონის შეხვედრას და მიმდინარე წელს მისი ძირითადი თემაა „Building back better from crises through regional cooperation in Asia and the Pacific“.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებთან ბრძოლაში სოლიდარობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს მზადყოფნას გააფართოვოს ESCAP-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა ციფრულ და სატრანსპორტო კავშირის სფეროში. 

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს არ დაუკეტავს საკუთარი საზღვრები სატრანზიტო ტვირთებისთვის და პირნათლად ასრულებდა ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საჭიროა საზღვრებზე ტვირთების დაბრკოლების გარეშე გადასაადგილებლად.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მთელი რიგი ონლაინ მომსახურებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაადვილა სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის. 

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო უკვე ჩართულია მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანსპორტო და ენერგოპროექტებში, რომელთა გამოყენებით ხორციელდება ტვირთების და ენერგო რესურსების ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთში და უკან. ასევე გამოხატა მზადყოფნა საქართველო გახდეს ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი რგოლი ციფრული ხიდის საშუალებით.

მან აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად პანდემიისა ერთგულია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისა და მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს აქტიურად ითანამშრომლონ მათი შესრულებისთვის.