საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - "ჩემი ენა ქართული" გამარჯვებულთა გამოცხადების ცერემონია გაიმართა

2021 წლის 14 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, კალიგრაფიის კონკურსის - „ჩემი ენა ქართული“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კალიგრაფიის კონკურსის მიზანს თანამემამულეებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა წარმოადგენდა. მონაწილეობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავდა ზოგადად, ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და დედა ენის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მან ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც მშობლიური ენის შენარჩუნების მიმართულებით შემუშავდა. მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუდმივად, სამინისტროსთან ერთად  ცდილობენ დიასპორაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებული ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების შექმნა და აღნიშნული სახელმძღვანელოებით საკვირაო სკოლების უზრუნველყოფა. 

ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო გზავნილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მშობლიური ენის, როგორც სახელმწიფოებრიობის საყრდენის მნიშვნელობაზე. პრეზიდეტმა ვიდეო მიმართვაში ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში არსებულ მეტ შესაძლებლობებს ენის შესანარჩუნებლად და მადლობა გადაუხადა თანამემამულე მოზარდებსა და საკვირაო სკოლის პედაგოგებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისათვის.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ალექსანდრე ასათიანი-კრევო და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტამ ბაგაური.
ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიულოცა დედა ენის დღე და კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვარიანში. მოზარდები და პედაგოგები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, წიგნად ფონდს, მათ შორის, გოგებაშვილის ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.

ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ,  დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიულოცა დედა ენის დღე და კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. ნომინაციაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდნენ: 1. სელამი გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსის მოსწავლე; 2.  მარიამ თოდუა, ქ. ბარსელონას წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლე; 3. ელენე გუნთაძე, ქალაქ გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლე;  4. ლილე ჯერაპოვა,  ქ. ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრთან „ფესვები“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლე. ნომინაციაში: საუკეთესო შინაარსის მხატვრული ესსესათვის დაჯილდოვდნენ: 1. ბარბარე მერებაშვილი, ქ. კარლსრუეს ქართული საკვირაო ბაღისა და სკოლის „ფესვები“ მოსწავლე; 2. თემო ნიჟარაძე, საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის - "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" მოსწავლე; 3. ნინო ბარკალაია, ქ. კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის - „იბერიელი“ მოსწავლე; 4. ნინა რევიშვილი, ქ. მილანის ასოციაცია ქართულ სახლთან არსებული საკვირაო სკოლის  „თამარიონი“ მოსწავლე. ნომინაციაში: „ყველაზე თბილი მხატვრული ესსე“ დაჯილდოვდა ბარბარე მშვენიერაძე, ქ. ბარსელონას წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ონლაინ საკვირაო სკოლის მოსწავლე საფრანგეთიდან, ხოლო ნომინაციაში: ყველაზე გულწრფელი მხატვრული ესსესათვის -  ელენე ბარათაშვილი, ქ. ტალინის ქართული საკვირაო სკოლის ,,მზიური" მოსწავლე.


საპატიო სიგელები ნომინაციაში: „ქართული ენისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული დამოკიდებულება“  გადაეცათ: 1. ჰანნეს ვირთს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 2. იუქსელ ბაიდარს, თურქეთის რესპუბლიკა; 3. ჯინ ბლეიქმენს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეულები გახდნენ: 1. სანდრო რობაქიძე, საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის - "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" მოსწაველე,  გერმანია; 2. სელამი გუმუში, თურქეთი, 3. მინე აქთაი, თურქეთი, 4. ჰანნეს ვირთი, გერმანია, 4. ჯინ ბლეიქმენი, დიდი ბრიტანეთი.

კალიგრაფიის კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 118 განაცხადი, 15 ქვეყნიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები.