საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს

2021 წლის 14 აპრილს, ვიდეო კონფერენციის ფორმატში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ კომიტეტის თანათავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
 
სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და გამართული მაღალი დონის ვიზიტები. მათ შორის მ.წ. მარტში ჩატარებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელზეც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა და დადებითად შეაფასა  ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ჩათვლით, განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. 
 
კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზაობა, გაგრძელდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.
 
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.
 
ხაზი გაესვა ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებას შავ ზღვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან და ქვეყნის სტრატეგიული ფუნქციის - როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის - მეტად რეალიზაციას.
 
მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას, უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, აგრეთვე ადგილობრივი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას.  აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით გართულებული გარემო და რუსეთის მზარდი სამხედრო აქტივობები.

ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას და აღნიშნა ამ პროცესში ევროკავშირის, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მედიატორისა და გარანტორის, მიერ ქმედითი ზომების მიღების მნიშვნელობა.
 
აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედითი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.
 
მინისტრის მოადგილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, მათი მხრიდან   ხაზი გაესვა სამიტის მნიშვნელობას პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. იმედი გამოითქვა, რომ სამიტის დასკვნითი ერთობლივი დეკლარაცია უპასუხებს საქართველოს, ისევე როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსა და ამბიციებს.