საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტში

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთის ქმედებათა სამართლებრივი შეფასებისა და, ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა. ასევე, განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქისთვის ზაზა გახელაძისთვის  რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალში უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების ფაქტი. ელჩმა  საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები უფრო ინტენსიური ხდება. რევაზ ლომინაძემ შვეიცარელ დიპლომატს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ 2020 წლის ანგარიში გადასცა.

შეხვედრის მეორე ნაწილში რევაზ ლომინაძემ შვეიცარიელ კოლეგას წარუდგინა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 2021 წლის მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა.  განხილულ იქნა ისეთი მიმართულებების კონკრეტული საკითხები და გეგმები, როგორიცაა პოლიტიკა და ორმხრივი ვიზიტები, ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, დიასპორა, კულტურა, განათლება, მეცნიერება და სხვა.