საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსის (COVID-19 ) გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება

ა) მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით


მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.


ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.