საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა გრაუბიუნდენის კანტონის მთავრობის მეთაურ ქრისტიან რათგებთან

2020 წლის 19 თებერვალს, შვეიცარიის გრაუბიუნდენის კანტონის მთავრობის მეთაურის დოქტორი ქრისტიან რათგების და კანტონის ადმინისტრაციის (კანცელარიის) დირექტორის დანიელ სპადინის მიწვევით, საქართველოს ელჩი - დავით ჯალაღანია და საელჩოს უფროსი მრჩეველი - ირაკლი ხუცურაული ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ კანტონის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ ჰურში.

საუბრისას ორმხრივად კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკვე არსებობს საქართველოსთან გრაუბიუნდენის კანტონის თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითი, კერძოდ, მხარეებს შორის, სულ ახლახანს შეთანხმებული „კავკასიის შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლის“ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალციხის რაიონში, ზემოაღნიშნული პროფესიული სწავლების სკოლის მოწყობის გზით, შვეიცარიელი სპეციალისტების დახმარებით, აგრომრეწველობისა და ვეტერინარიის მიმართულებით, პროფესიული (დუალური) განათლების ცენტრის შექმნას, აგროსექტორში პროფესიული განათლების საერთაშორისოდ აღიარებული, შვეიცარიული კომპეტენციების ცენტრის „Plantahof”-ის უშუალო მონაწილეობით.

თანამშრომლობის სხვა, ურთიერთსაინტერესო სექტორებს შორის აღინიშნა სამთო ტურიზმის, სამთო კურორტების და დასვენების სერვისების განვითრება; ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები; გარემოს დაცვა და ეკოლოგიის საკითხები; ისტორიული ძეგლების, კულტურლი მემკვიდრეობის მოვლა-რესტავრაცია; ასევე ერთმანეთის ფოლკლორის და საზოგადოდ, ხელოვნების სფეროთა საუკეთესო ნიმუშების ურთიერთგაცნობის ხელშეწყობა.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია, როგორც შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების შემდგომი რეალიზაციის, ასევე ახალი, პერსპექტიული პროექტებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება-განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.