საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება და ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.               

საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.