საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის Literaturtage Zofingen-ზე საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი


2018 წლის 19-21 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ცოფინგენში, ტრადიციული „ცოფინგენის ლიტერატურული დღეებზე“ (Literaturtage Zofingen), საქართველო იყო წარმოდგენილი მთავარი სტუმრის სტატუსით. აღნიშნული ლიტერატურისა და კულტურის სამდღიანი ფესტივალი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ელჩმა, დავით ჯალაღანიამ, ლიტერატურული დღეების გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რომელშიც ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გავუსვი ხაზი კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

ცოფინგენის ლიტერატურული დღეების ფარგლებში, ქართველი მწერლების, ზურაბ ქარუმიძის, ბექა ადამაშვილის, ლაშა ბუღაძის, სალომე ბენიძის, იუნონა გურულის, დავით გაბუნიას და ნინო ხარატიშვილის წიგნების პრეზენტაციებზე დარბაზები სრულად იყო სავსე. ასევე გაიმართა ქართველ მწერალთა გერმანული თარგმანების პრეზენტაცია მთარგმნელების მიერ.

ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა პროფესორმა ალექსანდრე კარტოზიამ, ლიტერატურული დღეების ფარგლებში წაიკითხა მოხსენება „თანამედროვე ქართული მწერლობის ტენდენციები“.

ლიტერატურული დღეების ფარგლებში საკუთარი ნაშრომები წარადგინეს და საქართველოსთან მათი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს შვეიცარიელმა მწერლებმა და მთარგმნელებმა: Lucas Hartmann, Yvonne Oesch,  Sibylla Heinze და Stefan Weidle

ლიტერატურული დღეების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა Pfad Finder zwischen Georgien und der Schweiz, შვეიცარია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ილია მარჯანიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტურ ორიენტაციაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლზე.

ლიტერატურული დღეების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა, ფოტოგრაფების ვაჟიკო ჩაჩხიანის, ევა დიტრიხის, საბინე ჰაგმანის, ირინე ჯორჯაძის, თათია ნადარეიშვილის, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის მონაწილეობით;  ქართული ანსამბლის «GeoTrain» კონცერტი და ქართული კულინარიული საღამო, რომლის დროსაც, მოხალისე ქართველმა ახალგაზრდებმა, შვეიცარიელ სტუმრებს ქართული კერძები და ღვინოები წარუდგინეს.