საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია დაესწრო ღონისძიებას - “Crimea Platform: A Way Forward”

ღონისძიების დროს, რომლის ერთ-ერთი თანასპონსორიც იყო საქართველო, ლაშა დარსალიამ გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

საქართველო, როგორც ყირიმის პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გმობს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მუდმივ და სისტემატურ დარღვევებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებზე და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
 
ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ადგილზე დაძაბულობის შემცირების მიზნით, ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, მოუწოდა შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია.