საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები შვეიცარიაში:

  • დავით ჯალაღანია (2018 წლის იანვრიდან)
  • ირაკლი ყურაშვილი (2012-2017)
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი (2011-2012)
  • გიორგი გორგილაძე (2008-2011)
  • ლევან მიქელაძე (2006-2007)
  • ალექსანდრე ჩიკვაიძე (2003-2005)
  • ამირან კავაძე (1997-2003)

შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • პატრიკ ფრანცენი (2018 წლის დეკემბრიდან)
  • ლუკას ბეგლინგერი (2015-2018)
  • გიუნთერ ბეხლერი (2010-2015)
  • ლორენცო ამბერგი (2006-2010)
  • შტეფან შპეკი (2001-2006)

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ამის გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციებს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესთა სექცია.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ხელმოწერილია 10-მდე შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ეკონომიკა, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული საკითხები, რეადმისია, საჰაერო მიმოსვლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და ა.შ.

ქვეყნებს შორის ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

დინამიკურად ვითარდება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია შვეიცარიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო შვეიცარიის პარლამენტში - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის. ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტიულ მიმართულებებად განიხილება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ფუნქციონირებს საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს-ასოციაცია და პერიოდულად იმართება ერთობლივი ბიზნესფორუმები. წარმატებით მიმდინარე ეკონომიკურ თანამშრომლობას ცხადყოფს არაერთი შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა საქართველოში. 

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

აგრეთვე მნიშვნელოვანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების, აღდგენა-რეკონსტრუქციის, უბედურებათა რისკების შემცირებისა და სხვა მიმართულებებით.


ბმულები:

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო საქართველოში
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო


ორმხრივი ხელშეკრულებები:

  1. „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია ქ. ბერნში, 1999 წლის 11 მარტს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 10 ნოემბერის N601-Iს დადგენილებით. ძალაშია - 01.01.2001.

  2. „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2005 წლის 17 იანვარს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის N2925-Iს დადგენილებით. ძალაშია - 10.05.2006.

  3. „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება. ხელმოწერილია 2005 წლის 8 აპრილს. დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 აგვისტოს N689 ბრძანებულებით. ძალაშია - 01.09.2005.

  4. „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2008 წლის 22 ივლისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 12 სექტემბრის N256-IIსდადგენილებით. ძალაშია - 16.11.2010.

  5. „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს ინტერესების დაცვის თაობაზე“ შეთანხმება. დადებულია ნოტების გაცვლის გზით.
    ძალაშია - 04.05.2009.

  6. „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება. ხელმოწერილია ქ. ბერნში 2010 წლის 15 ივლისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარალამენტის 2010 წლის 21 ივლისის N3557-რს დადგენილებით. ძალაშია - 07.07.2011.

  7. „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია ქ. ბერნში 13.09.2013. ძალაშია 01.01.2014

  8. „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება.
    ხელმოწერილია ქ. თბილისში 2014 წლის 3 ივნისს. ძალაშია 2015 წლის 17 აპრილიდან.

  9. „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება
    ხელმოწერილია ქ. ბერნში, 31.05.2018. ძალაშია 01.09.2019.